19 მარტს ოკუპრებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2 389 ბავშვი იძულებით რუსეთში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ გადაასახლეს 2389 ბავშვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ.
აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანით გატაცების ნიშნები იკვეთება. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა.
სახლების ნგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე შემდგომ საფრთხის წინაშე აყენებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ბავშვების უკანონო გაყვანაზე რეაგირება მოახდინოს და რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს.
„ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს. ბავშვების გატაცების ფაქტებს, ისევე როგორც უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების დანაშაულის სხვა ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.