რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,“- აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.
„7 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.