კონსულტაციების შედეგად ბევრი არაფერი მიგვიღია, თქვენს ოთახში მეც ვყოფილვარ, კანონის, დეკლარაციების, რეზოლუციების ერთობლივ ინიცირებაზე გვისაუბრია, მაგრამ ვერ და არ მიგვიღია – სუპერ ამოცანაა, რომ ერთობლივი მუშაობა მოხერხდეს, ეს არა მარტო ევროპას, პირველ რიგში, ჩვენს ხალხს სჭირდება,- ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ წინასწარი კონსულტაციები არ გაიარა რიგგარეშე სხდომის საკითხზე უმრავლესობასთან, მანამდე არსებული გამოცდილებით იყო განპირობებული.
„ყველანი ვალდებულნი ვართ, მოვლენებს შევხედოთ სხვა პერსპექტივით. სწორი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან წინასწარ არ იყო ამ თემაზე კონსულტაცია, სანამ პრეზიდენტთან წავიდოდა ის ნაბიჯი? – არ იყო სწორი, მაგრამ რით იყო განპირობებული ეს არასწორი ნაბიჯი? – მანამდე არსებული მოვლენებით, რადგან კონსულტაციების შედეგად ბევრი არაფერი მიგვიღია. თქვენს ოთახში მეც ვყოფილვარ და რაღაც კანონის, დეკლარაციების, რეზოლუციების ერთობლივ ინიცირებაზე გვისაუბრია, მაგრამ ვერ და არ მიგვიღია. სწორია თქვენი დამოკიდებულება, რომ „თქვენ მაინც არ ჩაერთვებით პროცესში“? – გასაგებია, ჰო, ყოფილა შემთხვევები, როცა ოპოზიცია არ ჩაბმულა პროცესში. სიმართლე ორივე მხარეს გვაქვს ჩვენ ჩვენი და ორივე ვთვლით, რომ მეტი სიმართლე ჩვენს მხარესაა, მაგრამ დღეს არის თუ არა სუპერ ამოცანა, რომ მოხერხდეს ერთად მუშაობა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მაინც და საკითხების უმრავლესობის მაინც ერთად მიღება, არავის ილუზია არ აქვს, რომ ყველაფერზე შევჯერდებით. ეს ერთობა ჭირდება არა მარტო ევროპას, ჩვენს ხალხს სჭირდება პირველ რიგში,“- განაცხადა უსუფაშვილმა.