„მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო და სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ყველას ჩვენ ერთად ქალბატონმა სალომემ ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა“, – ასე შეაფასა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
უსუფაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისგან ამგვარ შეფასებას პოლიტიკური პარტიები იმსახურებდნენ.
„თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მე მგონი შევძლებთ, შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა.
მე ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია პრეზიდენტის პარლამენტში და მინდა თავიდანვე განვაცხადო, ქალბატონი ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური, სახელმწიფოს მეთაურისებრი ანუ მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ პრობლემები რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალი.
მე არ მგონია, რომ გვჭირდებოდა ვინმეს მიერ შეხსენება, რომ ასეთ ვითარებაში, ოკუპაციის პირობებში, ომის საფრთხის პირობებში ყველა ქვეყანას მართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს დიდი პრობლემის ნაწილია, საქმე იმაში არაა, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ – ცუდი… საქმე იმაშია, რომ ვაგრძლებეთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რისი მეთაურიც გვესტუმრა დღეს პარლამენტში ანუ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არათუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრემიერი და პრეზიდენტი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად, იმისთვის, რომ საერთო საქმე გააძლიერონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.