ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრა იმართება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები – მეუღლე და მშობლები ჩავიდნენ.
„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს – ზაზას გათავისუფლება. ვფიქრობთ, რომ დროა, ოჯახიც ჩავერთოთ და ასეთი ფორმით გავაგრძელოთ გვერდში დგომა. არ ვიცი, რა შედეგი იქნება. დღეს არანაირი მოლოდინი არ გვინდა, რომ გვქონდეს, იმედგაცრუების კიდევ ერთი დღე არ გვინდა“, – ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.
ოჯახის თქმით, თუ ზაზა გახელაძის დაბადების დღემდე, 23 ივნისამდე ცხინვალის ციხიდან არ გაათავისუფლებენ, რადიკალურ ზომებს მიიღებენ და მიზანმიმართულად გადაკვეთენ ე.წ. საზღვარს და ოკუპანტებს თავს დააჭერინებენ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს. ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.