ევროპარლამენტის 28 წევრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დაიცვას „თბილისი პრაიდის“ გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება.
ევროპარლამენტარებმა გომელაურის სახელზე დაწერილი წერილი 28 ივნისს გამოაქვეყნეს; ადრესატები, გომელაურთან ერთად, არიან ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ჯოზეფ ბორელი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში.
1-5 ივლისს „თბილისის პრაიდის“ ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის დოკუმენტური ფილმის ჩვენება, პრაიდის ფესტივალი და ღირსების მარში.
ევროპარლამენტარები წერენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბოლო კომენტარი, როდესაც მან თქვა, რომ მისი აზრით, ღირსების მსვლელობა არ უნდა გაიმართოს, ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს.
„პრაიდის დემონსტრაციები პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების კრისტალიზაციის გზაა. ის ლგბტი მოძრაობის სავიზიტო ბარათი, სოციალური ხილვადობის საყრდენი და, ამავე დროს პოლიტიკური დემონსტრაციაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ წუხილებს, ხაზს უსვამს მიღწევებს და თემის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობისთვის“, – წერენ ევროპარლამენტარები.
სწორედ ამ კონტექსტში სწერენ ისინი გომელაურს და სთხოვენ „არა მხოლოდ იმას, რომ პრაიდი მშვიდობიანი მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვით ჩატარდეს, არამედ ყველანაირი სამზადისი იქნას გაწეული, რათა მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცული იყოს“.
„გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ლგბტი-ფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტი მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის საკმარისი და ეფექტური დაცვა“, – წერია განცხადებაში.
„ლგბტიქ თანასწორობის სტრატეგიის გამოქვეყნების გათვალისწინებით, კერძოდ, მისი მეოთხე თავიდან „ლგბტიქ თანასწორობის მოწოდების წაყვანა მსოფლიოს გარშემო“ გამომდინარე, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მისი ჩართულობის გაძლიერება ლგბტიქ საკითხებზე თავის საგარეო ურთიერთობებში. ამასთან, თავის მოხსენებაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ, ევროპარლამენტმა აღნიშნა შემდეგი:
„მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას და დაჟინებით მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა იქნას აღსრულებული; ითხოვს შემდგომ ძალისხმევას ქალთა, ლგბტ პირების, ბოშების და რელიგიური უმცირესობების მიმართ სოციალურ, ეკონომიკურ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და ყველა უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების დადევნის გასაძლიერებლად; მოუწოდებს ყველარელიგიურ თემს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამოქალაქო საზოგადოებას, იმუშაონ შემწყნარებლური გარემოს შესაქმნელად“, – წერენ ევროპარლამენტარები.
„საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის გადაწყვეტილებით აღიარა , რომ საქართველოს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ვერ დაცვა არღვევს მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა ) და მე-14 მუხლებს (დისკრიმინაციის აკრძალვა ). მოცემული საქმე ეხებოდა მშვიდობიან დემონსტრაციას ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიის და ინტერფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ ძალოვანმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მათი დაცვა ძალადობრივი კონტრ – დემონსტრანტებისაგან და ვერ გამოიძიეს ინციდენტი, კერძოდ, მისი გამომწვევი დისკრიმინაციული მოტივი. მას შემდეგ საქართველომ, მაგალითად ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით, გაიღო რესურსი პოლიციის ოფიცერთათვის შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგების ჩასატარებლად სიძულვილის დანაშაულისა და სიძულვილის ენაზე, რამაც გაზარდა პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირებულობა, ცოდნა და შესაძლებლობები.
დარწმუნებული ვართ, რომ ამ ტრენინგების შედეგები გამოვლინდება მომავალი პრაიდის ღონისძიებების სათანადო მხარდაჭერაში.
ლგბტი ადამიანების მიერ ადამიანის ყველა უფლებებით სარგებლობის ხელშესაწყობად და დასაცავად ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ევროკავშირს საგარეო პოლიტიკაში ეკისრება ლგბტი ადამიანის უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლების უზრუნველყოფის ჩათვლით. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში თვალყური ადევნოს ამ წერილში წამოჭრილ ელემენტებს“, – წერია განცხადებაში.
წყარო: netgazeti.ge