2020 თებერვალში, რუსმა კანონმორჩილმა მოქალაქეებმა ანტონინა ზიმინამ და კონსტანტინ ანტონეცმა ქორწილი გადაიხადეს, სადაც დაუპატიჟებლად მათი ძველი ნაცნობი, ვინმე მაქსიმიც მივიდა. „ჩხიკვთა ქორწილის“ ყვავის არ იყოს, იცეკვა, იმღერა, ბევრი დალია, იტრაბახა ფუს-ის (რუსეთის ფედ. სამსახური ФСБ) თანამშრომელი ვარო და წავიდა. მას მერე, ახლად დაქორწინებულები წინასწარი დაკავების საკანში სხედან და ბრალად სახელმწიფო ღალატი ედებათ.
ამბავი ისაა, რომ როგორც თითქმის ყველა წყვილი აკეთებს ამას, ქორწილის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოდეს, ვიდეოში იქაური „ყვავი“, ფუს-ის აგენტი მაქსიმიც ჩანდა, სახელმწიფომ ეს მიზანმიმართულ დივერსიად, უფრო ზუსტად კი, სამშობლოს ღალატად დააკვალიფიცირა და ანტონინა და კონსტანტინე თაფლობის 11 თვეს, წინასწარი პატიმრობის სახით ციხის კედლებში ატარებდნენ.
მომხდარზე სოციალურ ქსელში თებერვალშივე წერდა დიმიტრი გუდკოვი, რომელმაც ახლა სასამართლოს ვერდიქტი გამოაქვეყნა:
პატარძალს 13 წელი საერთო, ხოლო სიძეს 12 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
პუტინის რეჟიმი სტალინური მეთოდების კარგი სამართალმემკვიდრე აღმოჩნდა.
„ხვალ თქვენთანაც მოვლენ!“ – წერს გუდკოვი ფეისბუკში.
წყარო: საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი