ვფიქრობ, მოქალაქეები არ იმსახურებენ ჰყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები ნამდვილია და ვერავინ უარყოფს ჩანაწერში გაჟღერებულ ბიძინა ივანიშვილის ხმასა და მის დიალოგს.
„არ შეიძლება არ დავეთანხმო ყველას, ვინც ამბობს, რომ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვართ. განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგებით მაშინ, როცა ჩვენ მოვისმენთ ასეთ ჩანაწერებს, სადაც ხდება მხილება ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წარმომადგენლების და მერე იწყება კამპანია, რომ ეს არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. ვფიქრობ, მოქალაქეები არ იმსახურებენ ჰყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, პატარა ბიჭი, რომელსაც დავალება უკვე მიცემული აქვს და გაარკვევს ევტუშენკოვთან საქმეს, ანუ მისი დავალებით გამოგზავნილ ვინმე ალი უზდანოვთან საკითხებს.
აუცილებლად მივმართავ წერილობით საზღვრის დაცვას და მაინტერესებს ამ ადამიანმა როდის გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თარიღები, შემოსვლა- გასვლა, ოფიციალურად ვითხოვ ამას, როგორც პარლამენტის წევრი. მიმაჩნია, რომ თქვენს ინტერესებშია, პირველ რიგში, იმის გაქარწყლება, რომ დადასტურდეს ეს ჩანაწერები არ არის ნამდვილი, მაგრამ ნამდვილია, ვერავინ უარყოფთ იქ ბიძინა ივანიშვილის ხმას, მის დიალოგს, ამიტომ მაშინვე გადასული ხართ თავდასხმაზე, რომ ეს არის შეთითხნილი და მოგონილი. სინამდვილეში, როცა საუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიციას სურს ომი, ომის და შიშის განცდას თქვენი უპასუხობა აჩენს. როდესაც საქართველოს მოქალაქეები უსმენენ დამალული ბიძინა ივანიშვილი რომ ელაპარაკება მსოფლიოს ყველაზე დიდი მტრების წარმომადგენლებს, რუსების ოლიგარქებს, რომლებიც სანქცირებული არიან და ამაზე პასუხები არ გაქვთ, ეს აჩენს შიშს ამ ქვეყანაში და ის კი არა სიმართლეს, რომ ვითხოვთ აქ“, – განაცხადა კორძაიამ.