უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთით ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და ყოველ კვირას განთავისუფლებული ქალაქების რიცხვი მატულობს. ზელენსკის თქმით ყველა მათგანმა განიცადა ფართომასშტაბიანი განადგურება.
“ეს ნიშნავს კოლოსალური სახსრების საჭიროებას ინფრასტრუქტურის, მედიკამენტების და სოციალური სერვისების, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად. გათავისუფლებულ რაიონებში ათიათასობით დანგრეული სახლია. ქვეყნის მთელ თავისუფალ ტერიტორიაზე ჩვენ ასევე უნდა მოვამზადოთ სკოლები და უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლისთვის, მაგრამ მუდმივი საფრთხის პირობებში, კერძოდ სარაკეტო დარტყმების საშიშროების პირობებში. ჩვენ უკვე უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით ზამთარმა მშვიდად ჩაიაროს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველდღიურად საფრთხეებს ქმნის.”- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი საომარი მოქმედებებისა და რუსული დარტყმების შედეგად განადგურდა. ათასობით საწარმომ შეწყვიტა მუშაობა, რაც ნიშნავს სამუშაოს, სოციალური შეღავათების უზრუნველყოფის დიდ საჭიროებას საგადასახადო შემოსავლების შემცირების მიუხედავად.
“სწორედ ამიტომ, უკრაინის აღდგენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი გამარჯვების შემდეგ, არამედ იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ახლა, ამ მომენტში. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად.”