ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება იქნება ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, ნაბიჯი უკან 12 პუნქტისკენ. როდესაც საუბარია საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაზე, ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინ. ეს ვიწრო პარტიული გადაწყვეტილებების გამოხატულება იქნება. ძალიან საინტერესო იქნება ხელისუფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვაზე ხომ არ წავა, რა საკანონმდებლო ნაბიჯებს გადადგამს? – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი იმ ფაქტს, რომ მმართველ გუნდში ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ.
„2/3-იანი კვორუმის გადახედვა და ის, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა იფიქროს, დაუბრუნდეს უბრალო უმრავლესობას, ანუ 76 ხმას და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ იქნება 12 პუნქტის შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, ეს იქნება ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გაუარესებისკენ და უკან ნაბიჯი 12 პუნქტთან დაკავშირებით. შარლ მიშელის სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისკენ არ წავა საქმე, პირიქით, ხელისუფლება ახალ სივრცეს გააჩენს, სადაც ის ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას.
ხელისუფლება საუბრობს, რომ პოლარიზაცია როდესაც დასრულდება შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ კვორუმის გაზრდაზეო, ეს პირიქით მუშაობს. ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობდა, რომ 2/3 – იანი კვორუმით არჩევაზე ჩანაწერი არცერთ ქვეყანაში არ არისო, მაგრამ დავსვათ შეკითხვა: ევროპის რომელ ქვეყანაშია, როდესაც ერთი პარტია წყვეტს და აკონტროლებს მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საკითხს? – ვერცერთ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვერ ნახავთ! ჩვენთან, ერთი პარტია აკონტროლებს უმრავლესობას და ერთ პარტიას შეუძლია მიიღოს ასეთი ცვლილება, ერთპარტიულად დაინიშნოს ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 2/3 გამორიცხავს ერთი პარტიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას. თუ ჩვენ არ დავიწყეთ მრავალპარტიულად გადაწყვეტილებების მიღება, ისე პოლიტიკურ პოლარიზაციას ვერ დავასრულებთ.
ამ ქვეყანაში, 30 წელი ვუყურებთ, რომ პოლიტიკური სისტემა იმას ემსახურება, რომ ერთმა პარტიამ აკონტროლოს ყველაფერი. 30 წელი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ახალი არ არის. ყოველთვის პოლარიზებული, დაპირისპირებული პოლიტიკური გარემო იყო. ერთი პარტია წყვეტდა ყველაფერს, ოპოზიცია თამაშგარე იყო და არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდა. პოლიტიკური პოლარიზაცია ვერ დასრულდება, თუ მრავალპარტიული არ იქნება პარლამენტი. მაგალითად, ბარიერის არდაწევა ხელს შეუშლის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას. სამწუხაროდ, ხელისუფლების გეგმა არის ის, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდეს.
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება იქნება ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. როდესაც საუბარია საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაზე, ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინ, ეს არ იქნება ნაბიჯი წინ. ეს ვიწრო პარტიული გადაწყვეტილებების გამოხატულება იქნება“,- აღნიშნავს სიმონიშვილი.
როგორც საია-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, პრეზიდენტი წარადგენს ცესკო-ს ხელმძღვანელის და წევრების კანდიდატურას საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურებით და საინტერესოა, ხომ არ გადახედავს პარლამენტი პროცედურებს და პრეზიდენტის უფლებამოსილება ხომ არ შეიზღუდება.
„ ვფიქრობ, სავარაუდოდ, ეს ორი კანდიდატურა პარლამენტში ჩავარდება. ამის შემდეგ ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, თუმცა, ერთი საკითხია საინტერესო. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს და პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ან ამტკიცებს პარლამენტი, ან – არა. 2/3, რომც შემცირდეს უბრალო უმრავლესობაზე, პრეზიდენტზეა დამოკიდებული ვის წარადგენს. ძალიან საინტერესო იქნება, ხელისუფლება ამ მიმართულებით რას გააკეთებს, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვაზე ხომ არ წავა, ან რა საკანონმდებლო ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც პრეზიდენტი ქმნის შესარჩევ კომისიას, კომისიის წარდგენილი კანდიდატურებიდან არჩევს თითო ვაკანსიაზე 2 კანდიდატს მაინც და შემდეგ წარუდგენს პარლამენტს. კონსტიტუციური ჩანაწერია, რომ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაგრამ რა პროცედურებით წარადგენს ეს საარჩევნო კოდექსშია ჩადებული. საინტერესოა ხომ არ შეეხება ამ პროცედურებს, ხომ არ გადახედავს, ან რა მიმართულებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ხომ არ შეიზღუდება?“- აღნიშნავს სიმონიშვილი “ინტერპრესსნიუსთან”.