საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქსს“ მიმართეს და ითხოვეს განმარტება მედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, „თითქოს საქართველომ ვაქცინის მისაღებად მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა“.
გაბუნიას თქმით, „კოვაქსისგან“ მიღებულ წერილში ცალსახად მითითებულია გადავადების მიზეზი, რომელიც უკავშირდება „ფაიზერის“ მხრიდან დამატებით მოთხოვნას და არა ქვეყნის მზაობას.
„დღეს, მედიის საშუალებით გაჟერდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები, ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ „კოვაქსს“ და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა მედიის საშუალებით, რადგან 22 თებერვლის წერილში, რომელიც ჩვენ მივიღეთ „კოვაქსისგან“, გადავადების მიზეზად ცალსახად მითითებულია „ფაიზერის“ მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას. ქვეყნის მზაობა, რომელიც შეფასდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გავის ექსპერტების და „კოვაქსის“ ექსპერტების მიერ, სრულ შესაბამისობაშია იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა „ფაიზერის“ ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება დასმულ კითხვას „არასრულ დოკუმენტაციასა და არასწორად შევსებულ აპლიკაციასთან დაკავშირებით“, გაბუნიას განცხადებით, უხერხულია საუბარი იმაზე, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო აპლიკაციის ფორმას სწორად ვერ ავსებს.
„ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აპლიკაციის ფორმას სწორად ვერ ავსებს. ის, რაც წერია მედიაში გავრცელებულ განცხადებაში, იკითხება ცალსახად ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რომელიც დააყენა „კოვაქსმა“, რაც არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერისგან“, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა, ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი გვექნება დაზუსტებული ხელშეკრულებები. ყველაფერი არის მზად, რათა „ფაიზერისგან“ დასტურის მიღებისთანავე ჩვენ გვქონდეს საბოლოო შეთანხმება. „კოვაქსი“ გააკეთებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.