საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს. ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
„მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღოთ. მინდა ჩვენი გუნდის მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.
„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე“,- განაცხადა შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.