25.11.2024

ვახუშტი მენამდე: პრობლემები, რომელიც საარჩევნო სისტემის მიმართულებით არსებობდა, ვერ აღმოიფხვრა შემოთავაზებული ცვლილებებით

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ვახუშტი მენამდე აცხადებს, რომ პრობლემები, რომელიც საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის დაკომპლექტების და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმების მიმართულებით არსებობდა, ვერ აღმოიფხვრა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, – ამის შესახებ მენამდემ ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, სადაც გადაწყვეტილება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დანანებით აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. ეს იყო ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. სამი მიმართულება იყო ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი – საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმები. სამივე ამ მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემები, რაც არსებობდა ადმინისტრაციის ნდობის მიმართულებით, სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფლად გამოვლენის მიმართულებით, ვერ მიიღწა და ვერ აღმოიფხვრა შემოთავაზებული ცვლილებებით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, სადაც გადაწყვეტილება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება, ანუ როდესაც იქნება გარანტია იმისა, რომ ვერცერთი მხარე შეთანხმების და კონსენსუსის გარეშე ვერ გადაქაჩავს ვერც ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და ვერც დაკომპლექტებულ ადმინისტრაციაში მათი წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. სამწუხაროდ, წარმოდგენილი პროექტი ამის შესაძლებლობას დიდწილად არ იძლევა“, – განაცხადა მენაბდემ.

ვახუშტი მენამდით განმარტებით,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სთავაზობდა ჯგუფს , რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტებულიყო პროფესიულად, ამასთან, დაკომპლექტების პროცესში პრეზიდენტთან შექმნილიყო კომისია, რომელიც ქვეყნის პირველ პირს კანდიდატურებს წარუდგენდა.

ამ კომისიაში შესულიყო თანაბრად ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი შეთანხმებულიყვნენ კანდიდატურებზე, რომელსაც წარუდგენდნენ პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, ამ კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენდა

„ამ კომისიაში შესულიყო თანაბრად ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი შეთანხმებულიყვნენ კანდიდატურებზე, რომელსაც წარუდგენდნენ პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, ამ კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენდა. ასევე შეიძლება არსებობდეს მოდელი, სადაც იმ სურვილებს დავაკმაყოფილებთ, რომელიც პარტიებს აქვთ, თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება მაინც კონსენსუსზე ორიენტირებული“, – განაცხადა მენაბდემ.

ცნობისთვის, ცვლილებების პროექტით, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

ცესკოს და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა 17-მდე გაიზრდება, რომელთაგან 8 – პროფესიული ნიშნით, ხოლო 9 – პარტიული წევრის პრინციპით დაინიშნება. საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება და მათ საოლქო კომისია აირჩევს.

საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციისათვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება იკრძალება.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს. “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გასაჩივრების ვადებიც იზრდება. ამავე ცვლილებებით, 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 საარჩევნო უბანი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img