საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილს ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრები ინდოეთიდან შემოსული ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“, – განაცხადა დეპუტატმა.
თუმცა, კახაძის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ საქართველოში “ინდური შტამი” ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა.
„საქართველოში “ინდური შტამი” ლაბორატიულად არ დაფიქსირებულა. ბატონ ლადოს შეიძლება აქვს სხვა მონაცემები. მე გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში, ნამდვილად არის, მაგრამ ჩვენ, რასაც ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს ძირითადად არის “ბრიტანული შტამი“ , – განაცხადა გამყრელიძემ.
არის თუ არა საქართველოში დღეის მონაცემებით დაფიქსირებული ე.წ ინდური შტამი გაურკვეველია…ვიცით მხოლოდ ის, რომ პასუხისმგებელი პირებისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება – ვის დავუჯეროთ?