26.11.2024

ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდიან და სთხოვენ, სხვა ლიდერებთან ერთად, ბელარუსის მთავრობასთან უშუამდგომლოს

ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები ევროპული ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თხოვნით მიმართავენ, დაარწმუნონ ბელარუსის მთავრობა, გაათავისუფლოს მათი შვილი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. დიმიტრი და ნატალია პროტასევიჩებმა თხოვნა საქართველოს პირველი არხის ანალიტიკური გადაცემა „ახალი კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააჟღერეს.

„ყველა ადამიანი, მსოფლიოს პროგრესული ნაწილი გვერდში გვიდგას. არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი დაგვიკავშირდა. ყველა თანხმდება, რომ ჩვენი შვილი და სოფია საპეგა სახელმწიფომ ტერორისტული მეთოდით გაიტაცა. ბელარუსში კიდევ ასობით ადამიანია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. მინდა, თქვენი ეთერის საშუალებით მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელმაც დაგმო ჩვენი შვილის გატაცება. თუ ქალბატონ პრეზიდენტს საშუალება მიეცემა, ვთხოვთ, იქნებ აუხსნას ბელარუსის მთავრობას, რომ 21-ე საუკუნეში ასე მოქცევა არ შეიძლება, ევროპის შუაგულში ასეთი სახის დანაშაულის ჩადენა დაუშვებელია“, – განუცხადა „ახალ კვირას“ დიმიტრი პროტასევიჩმა.

დაპატიმრებული ბელარუსი ბლოგერისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები ციხეში მყოფ შვილთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლას ითხოვენ. ისინი შიშობენ, რომ რომანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რასაც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი მალავს.

„შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი არაფერი ვიცით. დაკავებიდან ოთხი დღის შემდეგ საკანში შეუშვეს მისი ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ რომანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთვის ცნობილია, რაც ხდება „კაგებეს“ ციხეში, ცნობილია, რომ მინსკის ამ საპყრობილეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ხშირად ვლინდება. ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელი ექიმების შეშვებას საპყრობილეში, რათა ობიექტურად შეფასდეს რომანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ გავრცელებულ ვიდეოზე ჩვენს შვილს ცემისა და დამცირების კვალი ეტყობა. ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, იგი საკუთარი ნებით დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია, არ აღიარებდა“, – აღნიშნა დიმიტრი პროტასევიჩმა.

დაკავებულის დედა შვილის გადარჩენაში დახმარებას ითხოვს.

„როგორც დედა, ვთხოვ სხვა დედებს, გადამირჩინეთ შვილი. ეს ის რეჟიმია, რომელმაც გვაიძულა პატრიოტი ხალხი, ქვეყნიდან გავქცეულიყავით და პოლონეთისთვის შეგვეფარებინა თავი. ჩვენ ბელარუსში ვერ ვბრუნდებით, რადგან რეჟიმის კრიტიკის გამო საფრთხე გვემუქრება“, – განაცხადა რომან პროტასევიჩის დედამ, ნატალია პროტასევიჩმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

სამთავრობო არხზე გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული ჟურნალისტი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. საერთაშორისო ორგანიზაციები, ბელარუსის ოპოზიცია, რომან პროტასევიჩის ოჯახის წევრები და კოლეგები დარწმუნებულები არიან, ვიდეომიმართვა მუქარისა და დაშინების შედეგადაა ჩაწერილი. ვიდეოს გავრცელებიდან ორ დღეში ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ბელარუსის მაუწყებელს პასუხისთვის ორკვირიანი ვადა ეძლევა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ძალაში შევა. განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია ბოლო კვირების განმავლობაში იძულების გზით მიღებული ინტერვიუების ეთერში ტრანსლირების გამო.

წყარო: 1tv.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img