„ეს არის ხელის აღება კონსტიტუციურ ვალდებულებებზე,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე. ღარიბაშვილმა 12 ივლისს თქვა, უმრავლესობას უნდა დავემორჩილოთ.
„როცა 95 პროცენტი არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის, თუ აღლუმის ჩატარების, ამას მეგობრებო ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ჩვენ ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საია-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს განაცხადი პირდაპირ აჩვენებს, როგორ ამბობს ხელისუფლება უარს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებასა და სამართლიანი სახელმწიფოს იდეაზე.
„კონსტიტუცია არ განასხვავებს ერთმანეთისგან მოსახლეობის პროცენტულ რაოდენობას. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უფლებებით სარგებლობის საშუალება, იმის მიუხედავად, ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს.
პრემიერის ეს განცხადება არის საშიში და უკვე პრემიერიც გახდა ძალიან საშიში. ეს არის ხაზის გადასმა კონსტიტუციის ისეთ მნიშვნელოვან დებულებებზე, როგორიც არის თანასწორობის უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ნებისმიერი ჩვენგანის უფლება, რომ თანასწორად ვსარგებლობდეთ ამ უფლებებით. არავითარი უმრავლესობა არ უნდა წყვეტდეს იმას, მე ჩემი უფლებით როგორ ვისარგებლებ,“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
იურისტი თვლის, რომ საფრთხის შემცველია პრემიერისგან უმრავლესობაზე მითითება. საია-ს თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს პრემიერის მიერ დასახელებულ 95 პროცენტზეც.
„ეს არის ციფრებით მანიპულაციაც. ვინ დათვალა, რომ 95 პროცენტია წინააღმდეგი?
ამით პრემიერს სურს იმის ჩვენება, რომ თითქოს ძალიან დიდი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც წინააღმდეგობა ჰქონდათ პრაიდთან მიმართებით.
მსგავსი მანიპულირება შესაძლოა ისევ მოხდეს, მომავალში შესაძლოა საერთოდ არ მიეცეს ოპოზიციას რომელიმე აქციის ჩატარების უფლება და უმრავლესობაზე მითითება მოხდეს…
პრემიერი ამ განცხადებებით მიდის იდეისკენ, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს არა კანონით, არამედ უმრავლესობის გადაწყვეტილებებით, რაც, რა თქმა უნდა, სამართლიანი სახელმწიფოს იდეასთან შესაბამისი არ არის. ეს არის ყველაფერი, გარდა დემოკრატიული სისტემისა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნიკა სიმონიშვილმა.
batumelebi,netgazeti.ge