დადებითობის მაჩვენებელი სერიოზულად გაიზარდა – გუშინ დილით 621 ახალი შემთხვევა გვქონდა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი შეცვლილია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის გადაცემის ინტენსივობა სერიოზულად გაიზარდა, რეპროდუქციის ინდექსი, 2.36%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი კი დიდი ხანია, რაც ქვეყანაში არ ყოფილა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც ჩატარებული ტესტებიდან დადებითი პასუხების პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 5%-ს მიუახლოვდა.
„ბოლო 2 კვირაა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარება შეიცვალა, ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 2 თვე კვირაში ერთხელ ჯამდებოდა ეპიდვითარება და საკმაოდ წყნარი იყო. ჩვენ, დღიურად გვქონდა 30-50 ინფიცირება, კვირის მაჩვენებელი კი 100-200 შემთხვევას არ ცდებოდა.
დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი 1%-ზე დაბალი იყო. ბოლო ორი კვირაა, რაც ყოველკვირეული შემთხვევები ორმაგდება. სამშაბათსაც 2570 შემთხვევა გვქონდა. ოთხშაბათს, დილით დღიური 621 შემთხვევა გვქონდა, რაც სერიოზულია.
ჰოსპიტლების დატვირთვა მაღალი არ არის, 7-8%-ს შეადგენს. თუმცა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი შეცვლილია. დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 4-5%-ს მიუახლოვდა. სერიოზულად არის გაზრდილი ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელიც.