მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქალებს მიმართავს – “ვებგაზეთი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„შეგვიძლია გავიხსენოთ ვითარება, როცა საჯარო პირ ქალზე, რომელიც თქვენი კოლეგა ან მეგობარია, უთქვამთ, რომ ზედმეტად ლამაზია, ან რატომ არ ეკეთა შარფი ამა თუ იმ გამოსვლისას, ან ზედმეტად ბევრი სამკაული ეკეთა, რას ჰგავს – და ეს ყველაფერი იმის ნაცვლად, რომ ესაუბრათ, ან გაერჩია ის შინაარსი, რომელსაც ეს ქალი გადმოსცემდა. როდესაც ამ ყველაფერს წარმოვიდგენთ და გავიხსენებთ, მინდა დავფიქრდეთ – რა გავაკეთეთ მაშინ?
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ინსტიტუციურ რეფორმებზე, მაგრამ მინდა, ვისაუბროთ ან ვიფიქროთ სოლიდარობაზე. სოლიდარობა არის ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნილი ვალდებულებათა ქსელი, როცა ჩვენ ვიცავთ სხვა ქალებს იმ იმედით, რომ ისინი ოდესმე დაგვიცავენ ჩვენ, ან დაიცავენ ერთმანეთს. სწორედ სოლიდარობის მეშვეობით ჩვენ არ ვიქნებით ერთი და იგივე მხარეს, მაგრამ არა მარტონი. ჩვენ ვიცით არა ერთი ქალის ისტორია, მაგალითად, მაკა წივწივაძე, ილიაუნის პროფესორი, რომელმაც არაერთხელ დარეკა პოლიციაში, რომლის შესახებაც იცოდნენ, რომ სდევნიდნენ და ემუქრებოდნენ და რომელიც საბოლოოდ მოკლეს. ის არავინ დაიცვა. ასე არ დაიცვეს ის ბევრი ქალი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მოკლეს საქართველოში. ყველას შეგვიძია გავიხსენოთ ის, თუ როგორ დაგვესხნენ თავს და რომ მიმოვიხედეთ, არავინ იყო გარშემო, ვინც დაგვიცავდა.
როდესაც სხვა ქალებს ესხმიან თავს, იმიტომ რომ ის ქალია, ჩვენ უნდა დავიცვათ, რადგან ამით ვიცავთ საკუთარ თავს. ჩვენ ყველანი ვყოფილვართ და თუ არ ვყოფილვართ, ამის გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ვიქნებით გენდერული თავდასხმის ობიექტი. თუ ჩვენ ვერ დავიცავთ საკუთარ თავს, სხვებსაც ვერ დავიცავთ.
როდესაც თავს ესხმიან ჩვენს კოლეგას, იმიტომ რომ ის ზედმეტად ქალურია, ან პირიქით, არ არის ქალური, იმიტომ, რომ მას აქვს დიდი ცხვირი, ან პირიქით, იმიტომ რომ მას აცვია გამომწვევად, ან საერთოდ არ აცვია გამომწვევად. ჩვენ ის იმიტომ უნდა დავიცვათ, რომ თავდამსხმელებმა იცოდნენ, შეიძლება მოჭრან ერთი ხე, მაგრამ ვერ გაკაფავენ ტყეს. როცა თავს ესხმიან ჩვენ კოლეგას, იმიტომ რომ ის ზედმეტად ლამაზია, ან ლამაზი არ არის, იმიტომ რომ ის თავს უვლის, ან არა, ჭრელო პეპელას პრინციპით, ჩვენ ის უნდა დავიცვათ იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის დაგვიცავს ჩვენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი სიტყვით, წერით, „ფეისბუქ“ მესიჯით, საჯარო გამოსვლით, უბრალოდ გამხნევებით. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ პარტიული, პოლიტიკური, ეთნიკური, ეროვნული ასაკობრივი კუთვნილების გარეშე. თუ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ყველა უნდა დავემშვიდოობოთ ილუზიას, რომ მარტოდმარტო გადავდგამთ მთებს ან შევქმნით სხვა მომავალს.
თუ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, დავრჩებით იმ ხესავით, რომელსაც მოჭრიან საახალწლოდ გასათბობად.
თუ ჩვენ ერთამენეთს არ დავიცავთ, ვიცხოვრებთ იმ საქართველოში, სადაც დღეს ვცხოვრობთ, სადაც ყველა ჩვენგანს გვიწევს მტკიცება, რომ ჩვენ არავისზე ნაკლები არც ცოდნა-გამოცდილება და არც კომპეტენცია გვაქვს.
ჩვენ ერთამენთი უნდა დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გაგვიმეორებენ, რომ ჩვენი დაცვის ობიექტი, დაცვის ღირსი არაა.
გახსოვდეთ, როცა თქვენ დაგჭირდებათ დაცვა, ასე იტყვიან თქვენზეც. შემდეგი შემთხვევის დროს, როცა თავს საჯაროდ დაესხმებიან რომელიმე ქალს, ჩვენს კოლეგას, იმიტომ რომ ის ქალია, დაიცავით იგი – მიწერეთ მესიჯი, დაურეკეთ, გაამხნევეთ, საჯაროდ დაწერეთ, თავდამსხმელს შეეკამათეთ. ასე ჩვენ შევქმნით შთაბეჭდილებას, რომ არ ვართ მარტო და ვართ უთვალავი, როგორც ბანქოს მიერ მოყვანილი ჯარი დასახმარებლად (მაკბეტს ვგულისხმობ).
როცა სხვა ქალებს დაიცავთ, იცოდეთ რომ თქვენ შეიძლება ვერ მოიყვანოთ გაზაფხული, მაგრამ სხვა მერცხლებს მოიყვანთ.“ – ვკითხულობთ ანა დოლიძის მიმართვაში.