ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო ცხოვრება არ აქვს და საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, – ასე აფასებენ მედიასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჟურნალისტ ვახო სანაიასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძისა და რეჟისორ გოგა ხანდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნამდვილად შემაშფოთებელია, როგორც „უცნობის“, ისე გოგა ხანიდრავას მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
„საქმე ეხება ჟურნალისტზე ძალადობასა და თავდასხმას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ ასეთი საქმეები სწრაფად იყოს გამოძიებული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებაში მიცემული პირები აღკვეთის ღონისძიებისგან არ უნდა გათავისუფლდნენ. გასაკვირია გოგა ხანიდრავასგან ასეთი განცხადება, თვითონაც გარკვეულწილად ჟურნალისტური წარსულის მქონე ადამიანია, პოლიტიკოსი და საჯარო პირია, რომლის განცხადებებსაც აქვს წონა საზოგადოებისთვის. შესაძლოა მისი მხრიდან ასეთი მოწოდებები წამახალისებელიც იყოს ჟურნალისტზე შემდგომი თავდასხმების“, – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
„საია-ს“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით კი, ძალადობის წამხალისებელი ნებისმიერი განცხადება, მოწოდება მიუღებელია.
„დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავდით იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა ასეთი განცახდებები. ასეთი განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იქნება, მხარდამჭერების თუ ოპოზიციის მხრიდან, რა თქმა უნდა, მიუღებელია. დაუშვებელია, რომ ჟურნალისტზე თუ სხვა ადამიანზე წახალისებული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობა“, – აცხადებს ნიკოლოზ სიმონიშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, იმისათვის, რომ „დაანახონ სხვებსაც, ვინც იქნებიან კრიტიკულები, შესაძლოა მათაც ეს დაემართოთ“.
„ვხედავთ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის ამ ქვეყანაში მუშაობა უკვე საშიშია. ისინი დაცულები არ არიან. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედვათ ბევრ შემთხვევას, როდესაც მათ თავს ესხმიან. ვახო სანაიას საკითხი საერთოდ განსაკუთრებული შემთხვევაა“, – აცხადებს ეკა გიგაური.
წყარო: IPN