დემნა გვასალიამ Balenciaga-ს ახალი, ზამთრის კოლექცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და უკრაინელ ხალხს მიუძღვნა. ჩვენებაზე მისულ სტუმრებს სკამებზე უკრაინის დროშები დახვდათ.
დიზაინერმა ჩვენების დაწყების წინ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ომთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაიხსენა – ის აფხაზეთიდან დევნილია.
“უკრაინაში ომმა ის წარსული ტრავმის ტკივილი გააცოცხლა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე მოხდა ჩემს სამშობლოში და სამუდამოდ დევნილი გავხდი. სამუდამოდ, იმიტომ რომ, ეს ისაა, რაც ყოველთვის შენთან რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის უნდიხარ, მაგრამ ასევე გავაცნობიერე, რას აქვს ცხოვრებაში ფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი – სიცოცხლე, სიყვარული და თანაგრძნობა.
ამ კვირაში ამ შოუზე მუშაობა ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო. ასეთ დროს მოდა კარგავს მნიშვნელობას და არსებობის უფლებასაც კი. მოდის კვირეული აბსურდულად ჟღერს. ვფიქრობდი შოუს გაუქმებას, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მოუთმენლად ველოდით, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ შოუს გაუქმება იქნებოდა დანებება იმ ბოროტებასთან, რომელიც თითქმის 30 წელია ასეთ ტკივილს მაყენებს. გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავს ვეღარ შევწირავ ეგოს უაზრო, უგულო ომს.
ამ შოუს ახსნა განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას”. – წერს Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია.