ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენ მოქალაქეებს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინები. მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანეთ, პირადად მე ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. ვაქცინაციაში ჩავერთოთ და ავიცრათ. ორი მილიონი აცრა ჩავატარეთ, მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი ეფექტური შედეგი. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან, ბევრ ევროპულ სახელმწიფოში და ასევე ამერიკაში არის ანტივაქსერების მძლავრი კამპანია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არა ყალბ ინფორმაციებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი შესაძლოა ნოემბერში გადაწყდეს.