ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა. მან ბენიამინ ნეთანაჰუს ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს პრემიერმინისტრის პოსტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, ზედიზედ 12 წელი ეკავა
ისრაელის „ქნესეთში“ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფთალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 კი წინააღმდეგ წავიდა.
ცნობისთვის, ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრო კოალიციის შექმნაზე. ამ შეთანხმებით, ბენეტი 2 წლის მანძილზე იქნება პრემიერი, 2023 წელს კი მას იაირ ლაპიდი შეცვლის.
ნაფტალი ბენეტი მემარჯვენე პოლიტიკოსია, რომელიც ისრაელისა და პალესტინის “ორი სახელმწიფოს” ფორმულის სასტიკი მოწინააღმდეგეა. ამავდროულად, ნაფტალი ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერია.
მარტის არჩევნებზე, 49 წლის ბენეტის პარტია “იამინამ“ (ებრაულიდან თარგმანში “ახალ მემარჯვენეებს” ნიშნავს) ქნესეთის 120 მანდატიდან მხოლოდ შვიდი მოიპოვა. თუმცა ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ორმა კონკურენტმა ბლოკმა დაახლოებით თანაბარი შედეგები მიიღო, ბენეტის ფრაქციის პოზიცია კი ამ სიტუაციაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მას პრემიერმინისტრის პოსტი შესთავაზეს როგორც მთავრობის ამჟამინდელმა მეთაურმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე, ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა.
ბენეტმა, ცენტრისტ ლაპიდთან იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიციის მხარე აირჩია და ამით, ფაქტობრივად, ნეთანიაჰუს მმართველობა დაასრულა.