თამარ ჟვანია არის სიმბოლო იმ კრიზისის, რომელიც მივიღეთ არჩევნების შემდეგ – არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას გადადგომაზე, მას კონსულტაციები ექნებოდა “ქართულ ოცნებასთან”,- ამის შესახებ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი პროცედურებით აირჩევა თავმჯდომარე, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვისაც.
“მე მქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე რეალობა და ღრმა კრიზისი შეიქმნა 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ამის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე იყო თამარ ჟვანია, სიმბოლურად მას უკავშირდება მთელი ეს კრიზისი. ამიტომ მე მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც მივიღებდით ახალ „საარჩევნო კოდექსს“, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. როგორც იცით, ახალი „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პროცედურა არის შეცვლილი, ოპოზიციის ჩართულობის, ინკლუზიური პროცესის გარეშე შეუძლებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ახალი თავმჯდომარე იქნება ისეთი პროცედურებით არჩეული, რომ გააჩენს ნდობას”, – განაცხადა სამნიძემ.