„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უარყოფს ცალკეულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავად პარტიას ტოვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ინიშნება.
შესაბამის საკითხზე მელიამ ჟურნალისტების კითხვას დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა და აღნიშნა, რომ აღნიშნული თემა იმის გადასაფარად მოიგონეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო სკანდალშია გახვეული.
„გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გახვეული და მოიგონეთ ეს. ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრორნტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაცა დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, „რუსთავი 2-იდან“, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. არხის ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.