სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის არასრულწოვანი შვილების შესახებ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და ფაქტს ემიჯნება.
როგორც ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, მედიასაშუალებებმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით უნდა იმოქმედონ.
„რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.
დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.
შესაბამისად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, – წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი პრემიერ-მინისტრის შვილებისგან ინტერვიუს აღებას ცდილობს.
„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა “ტვ პირველის” ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს “ტვ პირველი” 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები – 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, – წერს ნინო გიორგობიანი.