ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინისგან “შესაბამის განმარტებებსა და ინფორმაციას” მოითხოვენ.
ხუციშვილის თქმით, შეუძლებელია, სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდეს.
“შინაარსობრივად რომ შევხედოთ, თუ რაზეა საუბარი, რაზეც განცხადებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია, რომ რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა. ასეთი საბაჟო ოპერაციები არ კეთდება, რომ, როდესაც სანქციები არ არის დაწესებული და საქართველო იყოს რეექსპორტი ქვეყანა.
ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტის ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული. ხოლო, მეორე შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ქვეყნებში, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, ამ სანქციებთან მიმართებაში არ მოხვდეს რუსული პროდუქცია.
ამ ნაწილში პირველივე დღიდან არის ძალიან მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდან არის საბაჟო სისტემაში იმპლემენტირებული. ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო საქონელზე, რომელიც, შესაძლებელია, მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში), წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყანაში, მას მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.
სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს ასეთი პროდუქციის შეტანაზე. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ამასთან დაკავშირებით მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებსა და ინფორმაციას, იქიდან გამომდინარე, რომ პარტნიორებს, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული კონკრეტულ სანქციებთან მიმართებაში, საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ გააჩნიათ”, – განაცხადა მინისტრმა.