არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, სასამართლომ უკანონოდ ცნო სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება.
„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა“.
როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა.
„ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი. საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა“, – აღნიშნავს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.