1tv.ge

ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2-იც დროთა განმავლობაში იცვლება. ცვლილებათა უმეტესობას ვირუსის თვისებებზე ან ძალიან მცირე გავლენა აქვს, ან საერთოდ არანაირი. თუმცა, ზოგიერთმა ცვლილებამ ვირუსის თვისებები შეიძლება შეცვალოს, მაგალითად, გაუადვილოს გავრცელება, გაამწვავოს მასთან დაკავშირებული დაავადება, გავლენა მოახდინოს ვაქცინების მოქმედებაზე, სამკურნალო პრეპარატებზე, სადიაგნოსტიკო ხელსაწყოებზე, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და სოციალურ ზომებზე.

SARS-CoV-2-ის ევოლუციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ექსპერტები, ეროვნული უწყებები, ინსტიტუტები და მკვლევრები 2020 წლის იანვრიდან მეთვალყურეობენ და აფასებენ. 2020 წლის ბოლოდან გამოჩნდა ვარიანტები (შტამები), რომლებიც გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდ რისკს ფლობდნენ. ამის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მათი კლასიფიკაცია დაიწყო საინტერესო სა საფრთხილო ვარიანტებად. ამის მიზეზი გლობალური მეთვალყურეობისა და კვლევების პრიორიტეტიზაციაა, რასაც საბოლოოდ გავლენა აქვს COVID-19-ის პანდემიასთან შეპასუხებაზე.

ამ დროისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ახალი კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტთა დასახელებისთვის ბერძნულ ანბანს იყენებს: ალფა, ბეტა, გამა, დელტა და ა. შ. ეს კი გაცილებით ადვილი და პრაქტიკულია არასამეცნიერო საზოგადოებისთვის.

ერთ-ერთი ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „საინტერესოს“ კლასიფიკაცია მიანიჭა და აქტიური მეთვალყურეობა დაიწყო, არის მიუ ვარიანტი.

ის პირველად 2021 წლის დასაწყისში, კოლუმბიაში დააფიქსირეს და მას შემდეგ, მისი გავრცელება ფიქსირდება სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ მიუ ვარიანტზე გლობალური შემთხვევების ძალიან ცოტა ნაწილი მოდის, მეცნიერები მას მაინც სწავლობენ, რათა დაადგინონ, აქვს თუ არა ამ შტამს რაიმე ისეთი თვისებები, რომლებიც ვაქცინის ან წარსულში გადატანილი ინფექციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

რა არის მიუ ვარიანტი?

მიუ ვარიანტს B.1.621-საც უწოდებენ. პირველად ის 2021 წლის იანვარში, კოლუმბიაში დააფიქსირეს და ახლა უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „საინტერესო ვარიანტთა“ სიაში გვხვდება, სადაც მის გარდა კიდევ ოთხი სხვა ვარიანტია შეტანილი.
მართალია, მიუ ვარიანტი სპეციალური მეთვალყურეობას საჭიროებს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მას პრობლემების უფრო დაბალი პოტენციალი აქვს, ვიდრე SARS-CoV-2-ის ალფა და დელტა შტამებს. მაღალი ვირულენტობის გამო, ეს ვარიანტები საფრთხის მქონე ვარიანტთა სიაში შედის.
მიუ ვარიანტამდე, საინტერესო ვარიანტთა სიას ივნისში ლამბდა შტამი დაემატა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ეპიდემიოლოგიური ანგარიშის მიხედვით, მიუ შტამი „საინტერესოთა“ სიაში იმიტომ მოხვდა, რომ „აქვს მუტაციების ერთობლიობა, რომლებიც იმუნური სისტემისგან გაქცევის პოტენციურ თვისებებზე მიუთითებს“ და შესაბამისად, შემდგომ კვლევებს საჭიროებს.
ავსტრალიის კუინზლენდის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი პოლ გრიფინი აცხადებს, რომ ჯანდაცვის ექსპერტები გამუდმებით ფხიზლად დარაჯობენ „გამქცევ ვარიანტებს“, რომლებმაც ვირუსის წვეტ ცილებში განცდილ მუტაციათა წყალობით, ადვილად შეიძლება დააინფიცირონ ვაქცინირებული ადამიანები.

„თუ ეს წვეტი ცილა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ნამდვილად ჩნდება იმის პოტენციალი, რომ ჩვენი ვაქცინების ეფექტიანობა შემცირდეს. ვფიქრობთ, ეს დროც დადგება, მაგრამ ჯერ ასე ნამდვილად არ ხდება“, — ამბობს გრიფინი.

რა თქმა უნდა, მიუ ვარიანტის ეფექტებს ჯერ ბევრი კვლევა სჭირდება, მაგრამ როგორც გრიფინი აღნიშნავს, ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სწორედ მიუ შეიძლება იყოს „გამქცევი ვარიანტი“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19-ის გლობალურ შემთხვევებში მიუს წილმა დაფიქსირებიდან დღემდე იკლო, მაგრამ გამუდმებით იზრდება მისი წილი კოლუმბიასა (39%) და ეკვადორში (13%).

მიუ ვარიანტზე COVID-19-ის გლობალურ შემთხვევათა მხოლოდ 0,1 პროცენტი მოდის, მაგრამ მისი გავრცელება უკვე შეიმჩნევა აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ნაწილში.

რას შეიძლება ნიშნავდეს მიუ ვარიანტი ვაქცინებისთვის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგიური ანგარიშის მიხედვით, წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ მიუ ვარიანტი ანტისხეულებისადმი უფრო რეზისტენტული ჩანს.
თუმცა, როგორც დოქტორი გრიფინი აღნიშნავს, ეს ლაბორატორიული ტესტები არ გვაძლევს რეალურ ცხოვრებაში ადამიანის იმუნიტეტის მოქმედების სრულ სურათს და საჭიროა, ეს კლინიკურად ვიხილოთ.
რომელ სხვა ვარიანტებს მეთვალყურეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?
ინტერესის საგნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამჟამად კორონავირუსის ხუთი ვარიანტი აქვს მონიშნული, უფრო სერიოზული, შემაშფოთებელი ვარიანტების სიაში კი ოთხი შტამია შეტანილი.
ცხრავე ამ ვარიანტს ბერძნული ანბანის ასოების სახელები ჰქვია.
ხუთი საინტერესო ვარიანტი:
►ეტა — პირველად 2020 წლის დეკემბერში დააფიქსირეს მრავალ ქვეყანაში.
►იოტა — პირველად 2020 წლის ნოემბერში დააფიქსირეს აშშ-ში.
►კაპა — პირველად 2020 წლის ოქტომბერში დააფიქსირეს ინდოეთში.
►ლამბდა — პირველად 2020 წლის დეკემბერში დააფიქსირეს პერუში.
►მიუ — პირველად 2021 წლის იანვარში დააფიქსირეს კოლუმბიაში.
ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი, რომლებიც მიჩნეულია, რომ ფლობენ პანდემიის გაუარესების პოტენციალს:
►ალფა — პირველად 2020 წლის სექტემბერში დააფიქსირეს გაერთიანებულ სამეფოში.
►ბეტა — პირველად 2020 წლის მაისში დააფიქსირეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
►გამა — პირველად 2020 წლის ნოემბერში დააფიქსირეს ბრაზილიაში.
►დელტა — პირველად 2020 წლის ოქტომბერში დააფიქსირეს ინდოეთში.
SARS-CoV-2-ის ვარიანტების რაოდენობა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, რადგან რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მუტაციების მით უფრო მეტი შანსი აქვს.
„რაც უფრო მეტი ადამიანია ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია მგრძნობიარე მასპინძელი, რომლებშიც ვირუსს შეუძლია სიცოცხლე, ევოლუცია და ახალი თვისებების შეძენა“, — ამბობს ავსტრალიის კუინზლენდის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი პოლ გრიფინი.
მომზადებულია who.int-ისა და abc.net.au-ს მიხედვით.