სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრა და სთხოვა როგორც განათლების სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტის მენეჯმენტს, სტუდენტების პრობლემები გულთან მიიტანონ და სერიოზულად მოეკიდონ მათ გადაჭრას.
ლომჯარიამ სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაგებში არსებული საერთო საცხოვრებელი ღირსების შემლახავია და იქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა.
“მთავარი მოთხოვნა და პრობლემა, რაც სტუდენტებმა გააჟღერეს, ეს არის სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა. დღესდღეობით არსებობს ორი საცხოვრებელი – ერთი ბაგებში, მეორე ლისზე. როგორც მითხრეს, ლისზე უკეთესი პირობების საცხოვრებელია, თუმცა იქ უკვე აღარ არის ადგილები, დაახლოებით 7 თავისუფალი ადგილია. რაც შეეხება ბაგებში არსებულ საცხოვრებელს, იქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა, იქ არ შეიძლება არც სტუდენტი და არც ზოგადად ვინმე ცხოვრობდეს, ეს წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში სტუდენტებს სთავაზობდნენ მსგავსს ფართს საცხოვრებლად.
არის ათასობით სტუდენტი, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოვიდეს თბილისში, იქირაოს ბინა და დაესწროს ლექციებს, გამოცდებს და ამიტომ, მინდა ყველას ავუხსნა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათ სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც აქვს თითოეულ მათგანს.
ვთხოვ, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტის მენეჯმენტს, რომ ეს საკითხები გულთან მიიტანოს და სერიოზულად მოეკიდოს მათ გადაჭრას და პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაიწყოს გულწრფელი საუბრები ბავშვებთან”, – განაცხადა ლომჯარიამ.