03.12.2024

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.

ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

„საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი – განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ „რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 წელს, კომპანიის მართვის დროს შეცვალა რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რითიც კომპანიამ არ მიიღო უფრო მეტი შემოსავალი.

ცხადია, ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს – ნორმის განჭვრეტადობას. სამწუხაროდ, სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს, თუ რა შემთხვევებში წარმოშობს კორპორატიული დარღვევა დანაშაულს და პირდაპირ ასკვნის, რომ დირექტორმა არა მხოლოდ დაარღვია ფიდუციური ვალდებულება, არამედ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას.

ე. წ. მანქანის ეპიზოდი – შეეხება ტ/კ „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო ეთერის გაყიდვას საბაზრო ფასზე ნაკლებ ოდენობად 3 თვის განმავლობაში. სასამართლოს თანახმად, ამის მიზანს წარმოადგენდა დირექტორის პირადი დაინტერესება, რომ სანაცვლოდ რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს მფლობელობაში მიეღო ავტომანქანა.

სამწუხაროდ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენში ვერ ვხვდებით ფიდუციური მოვალეობებისა და საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხების თუნდაც გაკვრით ხსენებასაც კი. ერთადერთი, რასაც სასამართლო ადგენს ის არის, რომ კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება საბაზრო ფასზე ნაკლებ ანაზღაურებას ითვალისწინებდა. სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით, გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა.

ასევე, სრულად დაუსაბუთებელია კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა. სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა, რასაც სსკ 220-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებდა.

სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა (რომელიც გამოიყენა პირველ ეპიზოდში) ან შინაპატიმრობა (დაუსაბუთებელი მიზეზით) და დანიშნა საპატიმრო სასჯელი ეპიზოდში, სადაც გამოწვეული ზიანი პირველ ეპიზოდთან შედარებით დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული.

ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი – განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში ბრალდებული გამართლდა.

თუმცა, საგულისხმოა, რომ პოლიტიკური მდგენელის მქონე უკვე მეორე საქმეში (პირველი იყო მამუკა ხაზარაძისა და სხვების ბრალდების საქმე) გვხვდება ფულის გათეთრების სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სასამართლოსვე შეფასებით, არის ბუნდოვანი და არ შეიცავს უტყუარ მტკიცებულებებს. მსგავსი სიმძიმის ბრალდება სერიოზული რეპუტაციული ზიანის მქონეა, რის გამოც, პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ევალება.

საბოლოო ჯამში – სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი. საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება.

გარდა ამისა, ფაქტობრივი გარემოების განხილვისას სასამართლო დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას. და ბოლოს, მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასკვნის სრული ელექტრონული ვერსია https://bit.ly/3zo6S2x

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img