მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი ყოფილ თანაგუნდელს გიორგი ბარამიძეს „ფესიბუქ“ პოსტზე, სადაც ბარამიძე წერს, რომ სამადაშვილს მასთან სატელევიზიო დებატების სურვილი გამოუთქვამს.
„მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს. ამნისტიის კანონზე ვმუშაობთ, რომ მელიას ბრალდება მოეხსნას, იქით „ლელოს“ ინციატივას ვეხმარები ბრუსელში, რომ ეგება უფრო ადრეც გამოვიდეს. და შენ რას აკეთებ მელიას ციხიდან გამოსაყვანად, მოყევი, მაინტერესებს“, – პასუხობს სამადაშვილი ბარამიძეს.
მანამდე კი, გია ბარამიძემ სოციალურ „ფეისბუქზე“ დაწერა პოსტი, სადაც სალომე სამადაშვილს მიმართავს.
„გავიგე ქალბატონ სალომე სამადაშვილს გამოუთქვამს ჩემთან სატელევიზიო დებატის სურვილი.
ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მომანიჭებს, მაგრამ ნამდვილად საჭიროდ მიმაჩნია საჯაროდ ვუთხრა მას, რასაც მასზე ვფიქრობ მე და „ენმ“-ის ასიათასობით ის წევრი, ვინც გაკვირვებული და სამართლიანად გაბრაზებულია, მის მიერ, პარტიის ასე დემონსტრატიულად (უკაცრავად) ფეხებზე დაკიდებით და ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რაზეც ჯერ პარტიას თავისი დამოკიდებულება (იმის გამო, რომ ნიკა მელია ვაჟკაცურად ციხეში ზის) ჩამოყალიბებული არ აქვს.
ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებაში პარტიაში სხვადასხვა აზრი გვაქვს (რაც ძალიან ხშირად ხდება) და განსხვავებულ აზრთან მიმართებაში ცხადია, არავის ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გვქონია და არ გვექნება.
სერიოზული პრობლემა ქალბატონი სამადაშვილის ქმედებაშია.
მან ჩათვალა, რომ გუნდის დაიგნორირება შეუძლია და სანამ პარტიის თავმჯდომარე, პრინციპებსა და სიტყვას არ ღალატობს და ჯერ კიდევ ციხეში ზის, მისი საქციელით ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი შეფასებების საბაბი (საფუძველი არასდროს ექნებათ) მისცა, თითქოს ჩვენ ჩვენს პრინციპებს ვუღალატეთ და მათ შანტაჟს დავემორჩილეთ.
რადგან ქალბატონი სამადაშვილი ამ გზას დაადგა, ცხადია ჩვენი წევრების დიდმა ნაწლმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა, თუმცა მან თვითონ განაცხადა, რომ გუნდს ემშვიდობება, ახლა მაინც გაურკვეველია მისი პარტიის წევრობის საკითხი, რადგან ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ბატონი კუბილიუსი) ჰგონიათ, რომ იგი კვლავაც ენმ-ს წევრია, მეტიც ზოგი მეტ შეცდომაშიც კია შეყვანილი და ჩათვალეს, რომ მან, ენმ-ის სახელით მოაწერა პარლამეტში შესასვლელ დოკუმენტს ხელი.
ასე რომ, ვფიქრობ ამ და სხვა საკითხებზე გულახდილი და საჯარო საუბარი სასარგებლო იქნება პოზიციების გასარკვევად და ჩვენი საზოგადოების და დასავლელი მეგობრების სწორად ინფორმირებისათვის“, – დაწერა გია ბარამიძე.