სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.1 პროცენტიანი ზრდა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 3.2 პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე.
„გარდა ამისა, ფასების 6.9 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.76 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 0.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა.
ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-8.7 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.44 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – 17.4 პროცენტით, მომსახურება ბეჭდვით და ჩანაწერების აღწარმოებით – 87.6 პროცენტითა და ძირითადი ლითონები – 33.5 პროცენტით. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.94 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.