საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ 2020 წლის აპრილში, ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, აპრილში დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვამ 8.44 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 93%-ით აღემატება, რაც “საბაზო ეფექტით” არის განპირობებული. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რომელიც წელს 19.6%-ით არის გაზრდილი.
აპრილში 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მიზეზად, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ასახელებს იმას , რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია იყო ყველა კუთხით.
“წინა წლის შესაბამის პერიოდში იყო ვარდნა 16.6%-ით. ესეც გასათვალისწინებელია. ამასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია იყო ყველა კუთხით. ასევე ზრდის ტენდენცია იყო ექსპორტის და იმპორტის კუთხითაც, რამაც ასევე დადებითი წვლილი შეიტანა შედეგებში. რამდენიმე დომინანტი დარგი გამოიყოფა – დამამუშავებელ მრეწველობაში მეტალურგია არის გააქტიურებული, ასევე გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოება, რამდენიმეჯერ არის გაზრდილი ცემენტის წარმოების მაჩვენებელი.
მშენებლობის დარგში ზრდა არის არამხოლოდ საცოხვრებელი სახლების, არამედ სპეციალიზებული ნაგებობების მშენებლობაც – წყალაყვანილობის, ელექტროტექნიკური სამუშაოები. გაიზარდა იმპორტ-ექსპორტის ბრუნვა, გაიზარდა სატრანსპორტო დარგის დატვირთვაც. 51%-ით გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორის გამოშვება. ვაჭრობა გააქტიურდა, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ავტომობილებით ვაჭრობამ, ავტოიმპორტი წინა წელთან შედარებით 86%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი გაზრდილია ექვსჯერ, ესეც დადებითი წვლილის შემტანია,”- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.
“2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,”- აღნიშნულია საქსტატის დოკუმენტში.