საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ესებუას დასაკავებლად სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ღიად ვერ ისაუბრებს.
,,ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე, სამწუხაროდ, ღიად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს ,ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა გომელაურმა.
ბადრი ესებუა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის და მძევლების აყვანისთვის იძებნება გასული წლის 25 ოქტომბერიდან . აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე საქმეზე, შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა – შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიცია მის გადაადგილებას აკონტროლებდა და უთვალთვალებდა. თვალთვალის დროს ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.