ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებობს გეგმა, რომ დიდ ქალაქებშიც გაჩნდეს საველე ჰოსპიტლები.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ჰოსპიტალი მძიმე პაციენტებისთვის დარეზერვებული უნდა იყოს და ზოგიერთი პაციენტის მკურნალობა ბინაზე გაგრძელდეს.
„დიდი ქალაქებისთვის საველე ჰოსპიტლების გეგმა არსებობს, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მონიშნულიც არის ის ადგილები, სადაც შესაძლებლია, რომ დამატებითი რესურსის მობილიზება მოხდეს. დღეს ბინაზე 40 ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება და ვიცით, რომ გარკვეული მოლოდინის პერიოდი არის, მაგრამ სასწრაფო დახმარების და ოჯახის ექიმების ქსელი ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს პაციენტების ბინაზე მართვა. მთავარია, რომ ჩვენ ჰოსპიტალი დარეზერვებული გვქონდეს მძიმე პაციენტებისთვის. ბინაზე ვისი მართვაც შესაძლებელია, ის ბინაზე უნდა იყოს. ის, რომ ოჯახის ექიმების ქსელი გაფართოვდეს, ეს იქნება ერთ-ერთი გადაწყვეტა ბინაზე დაყოვნების შემცირებისთვის, რომ პაციენტს აღარ მოუხდეს ლოდინი, ექიმი როდის დაურეკავს ან როდის მოინახულებს“,- განაცხადა გაბუნიამ.
მისი შეფასებით, თბილისსა და აჭარასთან შედარებით, დღეს უფრო საყურადღებო ეპიდვითარება კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთშია.
„კარგია, რომ თბილისსა დაა აჭარაში სტაბილიზაციის მცირედი, მაგრამ მაინც ნიშნები არის. უფრო სხვა რეგიონებში გვაქვს აღმასვლა, მაგალითად, კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი დღეს უფრო საყურადღებოა, მაგრამ თბილისის და აჭარის მცირე სტაბილიზაციას შენარჩუნდება სჭირდება და ეს პრევენციით, აქტიური ვაქცინაციით უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა გაბუნიამ.