წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ოპერაციების დირექტორის, დომინიკ სტილჰარტის განცხადებით, ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით ორივე მხარესთან მოლაპარაკებები „დღეების განმავლობაში“ მიმდინარეობდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.
„ჩვენ ვსაუბრობდით ორივე მხარესთან დღეების განმავლობაში, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დეტალების დაზუსტებისას პრობლემად რჩება მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბილი ქალაქებიდან გასვლის უფლება“, – განაცხადა სტილჰარტმა.
მან აღნიშნა, რომ გამოწვევაა ორი მხარეს შორის შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება „კონკრეტული, ქმედითუნარიანი და ზუსტი“. მისი თქმით, წითელი ჯვრის ზოგიერთი თანამშრომელი ცდილობდა კვირას მარიუპოლიდან შეთანხმებული მარშრუტით გასულიყო, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ „მითითებული გზა რეალურად დანაღმული იყო“.
„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორ მხარეს ჰქონდეს ზუსტი შეთანხმება, რათა შემდეგ შევძლოთ ამის ხელშეწყობა ადგილზე“, – განაცხადა ოპერაციების დირექტორმა.
წყარო: interpressnews.ge