ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ აცხადებს, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი.
„ყველაფერი, რასაც პროტასევიჩი ამბობს, ზეწოლის ქვეშ იყო ნათქვამი. სულ მცირე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, პროპაგანდაა, რომელსაც სიმართლის საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეს ბელიაცკიმ.
მისი თქმით, ბელარუსულმა სპეცსამსახურებმა რომან პროტასევიჩი აიძულეს ბრალი ეღიარებინა, რადგან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არასერიოზულია.
შეგახსენებთ, ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვითაა დაპატიმრებული.
25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გააავრცელაინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.
ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო