webgazeti.ge -ს სარედაქციო წერილი
როგორც იქნა, ქვეყანაში ვაქცინა გვეღირსა და ვაქცინაციაც დავიწყეთ – ჯერ მხოლოდ ექიმებით.
ყველა ველოდით, რომ პირველი ვინც საქართველოში ვაქცინას საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთებდა, პრემიერ-მინისტრი ან ჯანდაცვის მინისტრი იქნებოდა. ეს სტრატეგიული ნაბიჯი კი ქვეყანაში ანტივაქსერების მომრავლებას მინიმუმ შეაჩერებდა და საზოგადოებას ერთმნიშვნელოვნად დაარწმუნებდა ვაქცინაციის, მათ შორის, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული ეჭვების უსაფუძვლობაში.
მაგრამ, რა მივიღეთ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორი დღეა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება ევროკავშირის ელჩთან – კარლ ჰარცელთან და მთავრობის წევრებთან ერთად. ვერაფერს ვიტყვით, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია.
ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა – „საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც პირველად ვაქცინაციას საჭიროებს“ და ჟურნალისტების და ტელე და ფოტოკამერების წინ გამზადებული სამედიცინო სავარძელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეს დაუთმო. ის, ვინც ექიმებს და ზოგადად საზოგადოებას მაგალითი მისცა და აცრისკენ მოუწოდა, სწორედ, პაატა იმნაძე იყო – ის საქართველოში პირველი, პირდაპირ ეთერში აიცრა .
ქალბატონმა მინისტრმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა საჯარო აცრით მაგალითი არ მისცა საზოგადოებას. ეს იყო შეცდომა ჯანდაცვის უწყების და მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების და პიარის სამსახურების – ვისაც ევალებოდა, მაგრამ, არ დაუგეგმა და არ აუხსნა მინისტრს ამ ნაბიჯის აუცილებლობა.
ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინა საჯაროდ არ გაიკეთა და არც უადგილო კომენტარებისგან არ შეუკავებია თავი. ხალხს ეჭვი გაუჩნდა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ანტივაქსერია და თავს არიდებს ვაქცინის გაკეთებას. ეს შეიძლება, სიმართლე არ არის, თუმცა მისი საქციელი და კომენტარები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად უჩენს ხალხს.
გუშინ მინისტრმა “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში, რომ იტყვიან, საკონტროლო გასროლა გააკეთა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა არმიას მათი არასწორი მოსაზრებები სავარაუდოდ გაუმყარა – (მათ მეტიც არ უნდოდათ).
ჟურნალისტის კითხვას – მინისტრმა ვაქცინაციისგან თავი იმიტომ ხომ არ შეიკავა, რომ „ასტრაზენეკას“ ირგვლივ გარკვეული კითხვებია, – ეკატერინე ტიკარაძემ ასე უპასუხა: ნამდვილად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, მზად ვარ, უახლოეს მომავალში გავიკეთო აცრა, თუმცა საინტერესოა, მაშინ როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომლებზეც ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცის მინისტრმა ან სხვა საჯარო პირმა საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა“.
ვფიქრობთ ამ ნაბიჯმა ცუდად იმუშავა საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, რომლისთვისაც ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი გზაა. არადა, ცოტა ხნის წინ ამირან გამყრელიძემ ვრცელი მიმართა გაავრცელა სპეციალურად ექიმებისთვის და მათ ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდა .
ასე რომ, ბატონებო, მოუწოდეთ ყველას, გაიკეთოს ვაქცინა და, პირველ რიგში, ეს ურჩიეთ ჯანდაცვის მინისტრს, ასევე ურჩიეთ, თავი დაანებოს უადგილო, ორაზროვან ან გაუგებარ კომენტარებს.