რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია მომავალში ავღანეთის განვითარებაში წვლილი შეიტანოს.
16 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა გააღრმავოს.
„თალიბანმა“ ჩინეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების იმედი არაერთხელ გამოთქვა. ისინი მოუთმენლად ელიან ჩინეთის მონაწილეობას ავღანეთის აღმშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ მივესალმებით ამას. ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის, ავღანეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება გააგრძელოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჩინეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს ძალაუფლების შეუფერხებელი გადასვლა და შეასრულოს თავისი დაპირება ღია და ინკლუზიური ისლამური მთავრობის ჩამოყალიბებაზე და უზრუნველყოს ავღანელებისა და უცხოელი მოქალაქეების უსაფრთხოება.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.