IPN
გეოლოგის, არჩილ მაღალაშვილის განცხადებით, სოფელ სამებასთან გახშირებული მიწისძვრის გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მაღალაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბიძგების კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მიწისძვრები ძირითადად ე.წ. ტექტონიკური მოძრაობებით აიხსნება. ამასთან, გეოლოგი არ გამორიცხავს, რომ ბიძგები კვლავ განმეორდეს.
„რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადად ეს არის ტექტონიკა. ესაა უფრო ე.წ. ტექტონიკური მოძრაობის გამო.
შესაძლებელია კიდევ ველოდოთ ბიძგებს. კავკასია არის სეისმური რეგიონი, სადაც მიწისძვრები ხშირადაა. მე აქ საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, პირიქით – ხანდახან ასეთი მიწისძვრები იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდ მიწისძვრას გადავრჩეთ. ბიძგების გაძლიერების პროგნოზი შეუძლებელია. ამას ვერავინ იტყვის. იმისთვის, რომ რაიმე პროგნოზი გაკეთდეს, რთული და ძვირი კვლევებია ჩასატარებელი. შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ რეგიონების მიხედვით, სად არის უფრო სახიფათო ზონა მიწისძვრის თვალსაზრისით.
ზოგადად, კავკასიონის ზონა არის სეისმურად აქტიური რეგიონი. აქ არის ახალგაზრდა მთათა სისტემა, რომელიც იზრდება და ამიტომ ამ ზრდასა და მოძრაობებს ყოველთვის უკავშირდება სეისმური აქტივობები. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ყველაფერს შეგნებულად უნდა მივუდგეთ, ვიცოდეთ და გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები. ჩვენი რეგიონი სეისმურად აქტიურია, ამიტომ აქ უნდა მიმდინარეობდეს შესაბამისი მშენებლობები, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის სამუშაოებიც შესაბამისი უნდა იყოს“,- განაცხადა მაღალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მიმდებარედ მიწისძვრის შემთხვევები გახშირდა. ამ დროისთვის ბოლო ბიძგები გუშინ, 17 აგვისტოს 14:06 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.