იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისი ევაკუაციაც ქაბულიდან მოხდება, დღიდან დღემდე შეიცვლება, იმ დღისთვის შექმნილი სპეციფიკური ვითარების და უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე – ამბობს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანეთის საკითხებზე ამერიკის მოსახლეობის მიმართ კიდევ ერთი ტელემიმართვა გააკეთა.
მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტიდან ბოლო 24 საათში 7 800 ადამიანი გაიყვანა. საღამოს გაკეთებულ განცხადებაში კი ითქვა, რომ მათ რიცხვს კიდევ 5 100 დაემატა.
ბოლო კვირაში, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან 30 300 ადამიანის ევაკუაცია შეძლო. ჯამში ივლისის ბოლოდან 35 500-ია ავღანეთიდან გაყვანილი, თუმცა ქვეყნის დატოვებას დამატებით კიდევ ათობით ათასი ადამიანი ელის.
“დაბრუნდება ნებისმიერი ამერიკელი, რომელსაც შინ დაბრუნება სურს” – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. ბაიდენის თქმით, მათ ასევე გამოჰყავთ ავღანელი მოკავშირეები და სხვა დაუცველ სიტუაციაში მყოფი ავღანელები.
პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ევაკუირებულები პირდაპირ ამერიკაში არ მოფრინავენ. ქაბულიდან აფრენილი ყველა თვითმფრინავი სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე სამხედრო ბაზებზე ჯდება, სადაც არაამერიკელი მოქალაქეები უსაფრთხოების შემოწმებას გადიან.
შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს აეროპორტში საქმე აქვთ, როგორც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, “წარმოუდგენლად ცვალებად სიტუაციასთან”, მას შემდეგ რაც თალიბანმა ავღანეთი ერთი კვირის წინ სწრაფად დაიკავა. პრეზიდენტ ბაიდენს თავის მართლება უწევს. მის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანას სამშობლოში ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც რესპუბლიკელი ოპონენტები, ისე დემოკრატი მხარდამჭერები.
შეერთებულმა შტატებმა ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში სამოქალაქო ავიაციაც ჩართო. პენტაგონის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავების გარდა, ქვეყნის დატოვების მსურველ ამერიკელ და ავღანელ მოქალაქეებს 6 ამერიკული კომპანიის 18 სამგზავრო თვითმფრინავი დაეხმარება.
მართალია, ევაკუაცია ძირითადად ქაბულის აეროპორტიდან ხდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში სამხედრო ვერტმფრენებიც ერთვებიან. შეერთებულმა შტატებმა 3 სამხედრო ვერტმფრენით განახორციელა 169 ამერიკელის ავღანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სასტუმროდან გაყვანის პროცესი. “ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რომ ამერიკელები საფრთხეს გავარიდოთ” – განაცხადა ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების ორგანიზაციის „ნატოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ავღანეთიდან 18 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მონაცემები ყოველ საათში იცვლება, რადგან ბოლო ორი დღის განმავლობაში, აეროპორტიდან რეგულარულად ხდება სპეციალური სამხედრო რეისების შესრულება.
ევაკუირებულთა დიდი ნაწილი სასოწარკვეთილებაში მყოფი ავღანელები არიან.