21.11.2024

ყალბი ამბების გამავრცელებელთა ხუთი სისუსტე

შეთქმულების თეორიის გავრცელებას განაპირობებს საზოგადოებაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც იწვევს ფართომასშტაბიან გაურკვევლობასა და შიშს. ხშირად, გამალებული დებატები მსგავს საკითხებზე უკუეფექტს იძლევა, არც ირაციონალური იდეების გამხმოვანებელთა დაცინვაა შეთქმულების თეორიებთან ბრძოლის კარგი ხერხი.

ადამიანების დაცინვა ერთის მხრივ არაეთიკურია, მეორეს მხრივ კი, არაკონსტრუქციული. კვლევის თანახმად, დაცინვისა და აგრესიულ დიალოგში ჩართვის მაგივრად, საჭიროა მსგავსი იდეების გავრცელების რიტორიკული კონტრუქციისა და დარწმუნების ხრიკებზე ფოკუსირება. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის და დეზინფორმაციის გავრცელების მკვლევარის Sander van der Linden-ის თანახმად „ადამიანებისთვის მიმზიდველია ის გარემოება, როდესაც სხვა ამხელს მათზე მანიპულირების ხერხებს“.

საბედნიეროდ, შეთქმულების თეორიების შემქმნელები ხშირად იყენებენ ერთსა და იმავე რიტორიკულ ხერხებს, რაც უფრო იოლს ხდის მათ იდენტიფიცირებას. ქვემოთ მოყვანილი არგუმენტების გაცნობა დაგეხმარებათ მრავალფეროვანი დეზინფორმაციის გაუმართავი მსჯელობის მხილებაში. წაიკითხეთ შეთქმულების თეორეტიკოსების მიერ დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა და მათზე რეაგირების საუკეთესო გზები:

1. უხილავ დრაკონზე ნადირობა.

ასტროფიზიკოსმა და და მწერალმა Carl Sagan-მა ჩაატარა ექსპერიმენტი. ის სტუმრებს ეპატიჟებოდა ავტოფარეხში, რათა მათთვის ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი ეჩვენებინა. როდესაც სტუმარი ცარიელ ავტოფარეხს ნახავდა, მასპინძელს მოულოდნელად ახსენდებოდა რომ დრაკონი უხილავია, თუ სტუმარი მოინდომებდა ავტოფარეხში ფქვილის გაბნევას, უხილავი დრაკონის არსებობის დასადასტურებლად ან იფრაწითელი ვიდეოკამერით სითბოს წყაროს გამოვლენას, მასპინძელი მას უხსნიდა რომ დრაკონი დაფრინავს და ფქვილი ამიტომ იფანტებოდა, ასევე უხსნიდა იმასაც რომ დრაკონის ცეცხლი „ცხელი“ სულაც არ იყო რაც ხსნიდა ინფრაწითელი კამერის არაეფექტურობას მოცემულ სიტუაციაში. ესპერიმენტის მთავარი აზრი კი ისაა რომ დრაკონის არსებობა ან არარსებობა, ვერცერთი ვერ დასტურდება.

  • ამგვარი არგუმენტი ცნობილია, როგორც სპეციალური მოთხოვნა/საჩივარი(special pleading). როდესაც ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს კონსპირაციული თეორიტიკოსების მიერ მოყავნილი რაიმე თეორიის დასადასტურებლად, ისინი აკორექტირებენ გავრცელებულ თეორიას ან რაიმე სხვა ასევე კონსპირაციულ თეორიის ელემენტებს უმატებენ – ესაა ტაქტიკა, რომელიც ხშირად გამოიყენება შეთქმულების ბევრ თეორიაში.
  • გარდა ზემოთ აღნიშნულსა, ხშირად რაიმე ფაქტის დაუდასტურებლობა იძლევა კონპირაციული თეორიის ირიბ დადასტურების ეფექტს. მაგალითად, სანამ რაიმე ახალი მეცნიერული აღმოჩენა ავტორიტეტულ ჟურნალებში გამოქვეყნებდა და საზოგადოებისთვის ნათელი გახდება კვლევის დეტალები, მანამდე კვლევა გადის გადამოწმებას/ვერიფიკაციას. როდესაც ჩვენ დავსვამთ კითხვას თუ რატომ არ არსებობს სანდო კვლევა, რომელიც დაადასტურებს კოვიდ-19-ის, 5G ქსელისა და ვაქცინებს შორის კავშირს, კონსპირაციული თეორიის ავტორები და მათი აზრის მიმდევრები იტყვიან, რომ მსგავს კველვას მსოფლიო ელიტები ერთობლივი ძალისხმევის გამოყენებით უშლიან ხელს და აკეთებენ ყველაფერს, რათა „ნამდვილი“ ინფორმაცია არ გაასაჯაროვდეს და მაქსიმალურად მიიჩქმალოს მყარი მტკიცებულებები. შესაბამისად, სანდო მტკიცებულებების არარსებობა ხშირ შემთხვევაში აღქმულია როგორც შეთქმულების მტკიცებულება.
  • მსგავსი მსჯელობით, ნიშანდობლივია ისიც რომ Carl Sagan-ის ბოროტი, ცეცხლიმფრქვეველი დრაკონის მსგავსად თითქმის შეუძლებელია შეთქმულების თეორეტიკოსის თვალში რაიმე სახის მტკიცებას ჰქონდეს აზრი. სწორედ ამიტომ, საჭიროა რომ კონსპირაციული თეორიების აბსურდულობისათვის მტკიცებით რეჟიმში არ ჩავდგეთ და პირიქით, კონპირაციის გამავრცელებელსა თუ ავტორს, მათი თეორიის ჭეშმარიტობის დამამტკიცებელი არგუმენტები თუ შესაბამისი ინფორმაცია მოვთხოვოთ.

2. ყალბი ავტორიტეტი

დიდი ალბათობით, ვერც კონსპირაციული აზრის გამავრცელებლები და ვერც შეთქმულების თეორიის ავტორები ვერ წარმოადგენენ რაიმე მყარ მტკიცებულებას და ალბათ ამისთვისაც ყალბ მიზეზებს ჩამოთვლიან. თუმცა, ამის შემდეგ ისინი აუცილებლად მოიყვანენ მათთვის სანდო – „შთამბეჭდავ მოწმეებს” რომლებიც დაამტკიცებენ მათი აზრის სისწორეს.

  • საკმარისია მათ მიერ ჩამოთვლილ სანდო წყაროების შესახებ მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ და დავრწმუნდებით, რომ ასეთი „მოწმეების“ ძირითადი ნაწილი ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს და იგი წარმოადგენს ინტერნეტსივრცეში შექმნილ ყალბ ავტორიტეტს.
  • „შთამბეჭდავი მოწმეების“ კატეგორიაში შესაძლოა რეალური ადამიანებიც შედიოდნენ, თუმცა ხშირად მათი პროფესია მათ მიერ გამოთქმულ „ექსპერტულ“ მოსაზრებას საერთოდ არ შეესაბამება და ამასთან ერთად მათი აზრის გაშუქება ხდება როგორც ავტორიტეტული ექსპერტის მოსაზრება. კონსპირაციის თეორიტიკოსმა ასევე შესაძლოა მოახერხოს ისეთი ექიმის პოვნა რომელიც წამიერი ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ეჭვს შეიტანს კოვიდ-19-ის არსებობაში. საკითხი კი დგას შემდეგნაირად… რამდენად სანდოა პოპულარობის მოხვეჭით შეპყრობილი ექიმი, იმ ვირუსოლოგებთან შედარებით რომლებმაც შეიწავლეს და დღესაც იკვლევენ ვირუსის სტრუქურას… ან იმ ეპიდემიოლოგებთან შედარებით რომლებიც აქტიურად იკვლევენ ვირუსის გავრცელების ტენდენციებს. მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრი და თვალსაჩიონოა. ზემოთ აღნიშნულ ადამიანთა კატეგორიებს განეკუთვნება Vernon Coleman-ი, რომელისაც რეალურად გააჩნია გარკვეულ სამეცნიერო მიმართულებებში კვალიფიკაცია, თუმცა ის ასევე მხილებულია ფსევდომეცნიერული იდეების მხარდაჭერაში, რაც მოიაზრებს მის მიერ 80-იანებში გამოქვეყნებულ მასალებს, სადაც ის ამტკიცებს რომ აივ ინფექცია საზოგადოების ჰეტეროსექსუალურ ნაწილისთვის დიდ რისკებს არ შეიცავს და მეტიც, მას საერთოდ ინფექციის არსებობაშიც შეაქვს ეჭვი. მსგავს თვალსაჩინო მაგალითს ასევე წარმოადგენს დეზინფორმაციის გავრცელებასა და შექმნაში არაერთხელ მხილებული, ფეხბურთელი – David Icke, რომელმაც საავტორო ვიდეო-პოდკასტში უმასპინძლა Barrie Trower-ს და მაყურებელს გააცნო როგორც 5G-ის ექსპერტი. მოგვიანებით კი გაირკვა რომ Barrie Trower-ი რეალურად საშუალო სკოლის მასწავლებელია.
  • მსგავს კონტექსტში ჯდება ე.წ დიდი ბარინგტონის დეკლარაცია, დოკუმენტი, რომელის თანახმადაც კოვიდ-19-თან ბრძლოაში „ჯოგური“ იმუნიტეტის მიღწევას ალტერნატივა არ გააჩნია. დეკლარაციის ავტორი სამი მეცნიერია, მაგრამ მას თან ახლავს პეტიცია. არსად ჩანს არც ხელმწომწერების არც კვალიფიკაცია და არც ზოგადად მათი არსებობა. საგულისხმოა, რომ ხელმომწერებიდან ბევრმა გამოიყენა ყალბი სახელი ან არიან ნამდვილი ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ კვალიფიკაცია მოცემულ სფეროში. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი წარმოადგენს ვიწრო ხედვას, რომელიც ათასობით სხვა მკვლევარმა უარყო მათი არგუმენტის ძირითადი წინაპირობა იმის შესახებ, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიიღწევა შესაძლებელია ვაქცინის გარეშე.
  • დეკლარაცია ნამდვილად არ ასახავს რეალურ ექსპერტებში გავრცელებულ ხედვებს, მაგრამ მას ხშირად ციტირებენ პროფესიონალური შეთქმულების თეორეტიკოსები, როგორებიცაა David Icke და “ლოქდაუნის“ მოწინააღმდეგეები, როგორებიც არიან Toby Young-ი და Allison Pearson-ი. აღსანიშნავია ყალბი ესპქერტების (როგორც სტატუსის) გამოყენების ისტორიული პრეცენდენტებიც. ასეთ პრეცენდენტში კი მოიაზრება 1970-იან წლებში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ რეკლამებში გამოყენებული ყალბი ესპერტების ციტირებები, რომელებიც უარყოფდნენ მოსაზრებას თამბაქოს მოხმარების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით.

3. დამთხვევა თუ ფარული ოპერაციები?

მიმდინარე წლის სექტემბერში, კონგრესის ყოფილმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა, DeAnna Lorraine-მა გასაოცარი „აღმოჩენა“ გააკეთა. „საინტერესოა 2019 წლის იანვარში როგორ მოიპოვა პოპულარობა ნიღბიანმა(პირბადიანმა) ამერიკელმა მომღერალმა( დიდი ალბათობით Billie Elish-ს გულისმხობდა), ერთ წელზე ცოტა უფრო მეტი ხნის წინ, ვიდრე ისინი (დემოკრატები) ყველას ნიღბების ტარებას აიძულებდნენ. ეს დაახლოებით ისეა, რომ მათ საზოგადოების წინასწარ შემზადება დაიწყეს, რომ ნიღბის ტარება „ნორმალური“ და „მაგარია“.“ – დაწერა მანდ Twitter-ზე.

  • DeAnna Lorraine-ის აღმოჩენა ფართო საზოგადოებამ რათქმაუნდა უარყო, თუმცა დამთხვევასა და მიზეზობრივი კავშირის ერთმანეთში აღრევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში უსაფუძვლო იდეების დაბადების კონტექსტში. „კონპირაციული იდეის ჩაყალიბებისას ხშირად იღებენ რაიმე ჭეშმარიტების მარცვლს და შემდეგ, ამ ერთი ჭეშმარიტების გარშემო აყალიბებენ და ქმნიან სრულიან განსხვავებულ ნარატივს“ ამბობს Van der Linden-ი.
  • ის ფაქტი რომ 5G-ს პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციული ტალღა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, სრულიანდ არ ნიშნავს იმას რომ ვირუსი ელექტრომაგნიტურმა ტალღებმა გამოიწვია. John Cook-ის თანახმად, „ვარსკვლავური ომების ცნობილი პერსონაჟი Baby Yoda-ც 2019 წელს პანდემიის დასაწყისისთვის გამოჩნდა, მაგრამ ვინ იტყვის რომ მან გლობალურ პანდემიას დაუდო საფუძველი?“
  • კონსპირაციული თეორიის არქიტექტურის აგებაში სხვადასხვა დამთხვევების გამოყენება ახალი სულაც არაა. ამის ნათელი მაგალითია Andrew Wakefield-ის ნაშრომი, სადაც ის ამტკიცებს რომ MMR-ის ვაქცინა აუტიზმს იწვევს. ნიშანდობლივია რომ MMR-ის ვაქცინა დაახლოვებით 2 წლის ასაკის ბავშვებში კეთდება, და იგი ემთხვევა იმ ფაქტს რომ ამავე ასაკში აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს პირველი სიმპტომები უვითარდებათ. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით რომ Wakefield-ის ნაშრომი აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ მონაცემებზე თუმცა, დამთხვევის გამო მისი მსჯელობა მყარ არგუმენტად საღდება. მოცემულ თემაზე კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ აუტიზმის სინდრომი გაცილებით უფრო ხშირი მოვლენაა არავაქცინირებულ ბავშვებს შორის, ვიდრე ვაქცინირებულ ბავშვებში.
  • ანალოგიური მსჯელობა შეიძლება განვითარდეს Bill Gates-ის 2020 წლამდე ახალი დაავადებების შესახებ გაკეთებულ მოხსენებების გარშემო. იმავე ლოგიკით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის თაობაზე რომ 2011 წელს გადაღებულ ფილმის “Contagion”-ის რეჟისორი Steven Soderbergh-ი გეგმავდა გლობალურ პანდემიას.

4. ყალბი ეკვივალენტობა/ ყალბი შედარება/თანაფარდობა(Fake equivalence)

კონსპირაციის თეორიტიკოსები ხშირად საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებენ მოვლენათა ყალბ შედარებას.

  • მაგალითად: „ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გვყავს გარდაცვლილი მანქანების ავარიის შედეგად – მაგრამ ჩვენ არ ვაჩერებთ ქვეყანას ამის თავიდან ასაცილებლად.“ საქმე იმაშია რომ ავტოავარიები გადამდები არაა, ხოლო ვირუსი უკონტორლო გარემოში შესაძლოა გეომეტრიული პროგრესიით გავრცელდეს, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ჯანდაცვის სისტემის სრული პარალიზება. ავტოავარიისა და ვირუსის მსგავსი ანალოგიით შეგვიძლია ვაშლი და ფორთოხალიც შევადაროთ.
  • ყალბი ანალოგიების გამოყენების თაობაზე John Cook-ი გვირჩევს: „დააკვირდით მათ მიერ შედარებულ ორ მოვლენას, თუ ეს მოვლენები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაშინ ეს ყალბი ეკვივალენტობაა.“ ასევე ის დასძენს რომ მათი ეს ტაქტიკის ეს ნაწილი ყველაზე მარტივად ამოსაცნობია.

5. აზრის წყვეტის კლიშე.

ჩვენს ახლობლებთან, მეგობრებთან თუ ოპონენტებთან კონსპირაციულ თეორიებზე მსჯელობა ხშირად სრულდება ხოლმე ისეთი ფრაზებით როგორიცაა „ტყუილია“, „ეს ყალბი სტატისტიკაა“. ასეთი ფრაზები ძირითადად მიმართულია არგუმენტის დისკრედიტაციისადმი და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ფრაზებით სრულდება ხოლმე საჭირბოროტო დისკუსიები.

  • ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მოცემულ საკითხზე მსჯელობა სხვა დღისთვის გადავდოთ. როგორც Van Der Linden გვირჩევს, საჭიროა შევინარჩუნოთ ღია დიალოგის შესაძლებლობა. „ჩვენ გვჭირდება განგრძობითი ხასიათის დიალოგები, ურთიერთპატივისცემის ფარგლებში.“
  • სანამ ვინმეს დარწმუნებას დავიწყებდეთ, საჭიროა დავფიქრდეთ იმ ფაქტორებზე, რამაც შეიძლება აიძულოს ჩვენი მოწინააღმდეგე უარყოს ჩვენ მიერ გაჟღერებული არგუმენტები. ასევე, შევეცადოთ ჩვენი მოწინააღმდეგის მისთვის სენსიტიურ თემებზე რეფლექსური გონებრივი ბლოკების მოხსნაზე დაყოლიება. შესაბამისად საჭიროა კონკრეტულ საკითხებზე pre-დარწმუნების მიმართულებით მუშაობა.
  • მნიშვნელოვანია დისკუსიამდე ოპონენტთან ურთიერთობის პატივისცემითა და თანაგრძნობით დამყარება. დისკუსია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიყვანოთ მტრულ განზომილებაში. ფსიქოლოგი და კონსპირაციული თეორიების მკვლევარი, Karen Douglas-ის თანახმად კონტრუქციული დისკუსიის მტრული გარემოთი ჩანაცვლებამ შეიძლება, ადამიანებს შორის იდეური გაუცხოვება კიდევ უფრო გააღრმავოს.
  • Karen Douglas-ი გვირჩევს, შევეცადოთ გავაცნობიეროთ ოპონენტების რწმენის წარმოშობა. John Cook-ი ასევე გვირჩევს: “თქვენ არაკონფრონტაციული გზით უნდა გაარკვიოთ ოპონენტი რას ფიქრობს და რატომ ფიქრობს” – ამბობს ის. თეორიების აღწერისას მათ შეიძლება უკვე შეამჩნიონ ლოგიკის ზოგიერთი წინააღმდეგობა და ხვრელი. თუ ასე არ მოხდა, ყოველშემთხვევაში თქვენ უფრო ინფორმირებულ მდგომარეობაში იქნებით კონსტრუქციული დისკუსიის დასაწყებად.
  • დასკვნისას კი კარგი იქნება თუ კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვანთ. მაგალითად, იმ ადამიანების შესახებ რომლებიც უარყოფნდნენ ვირუსის არსებობას და შემდეგ დაინფიცირდნენ. რეალური გამოცდილებები შეიძლება გაცილებით უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ჩვენი პირადი მოსაზრებები.

თარგმანის და სტატიის ავტორი: გრიგორ აივაზიშვილი

წინამდებარე სტატია მომზადებულია theguardian.com-ის მასალების მიხედვით.

/სტაჟიორი. “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო”/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img