„მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე უპასუხა „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელმაც მისი თაობის პოლიტიკოსებს გვერდზე გაწევისკენ მოუწოდა.
„მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მისი თაობის პოლიტიკოსებს მიმართავს, გვერდზე გაიწიონ, რადგან განახლებაა საჭირო. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ტრიბუნაზე, ასევე ტელეეთერში უნდა შეამცირონ გამოსვლები და სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ერთი თვე არ წავა არც ერთ პირდაპირ ეთერში. „ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) – გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც. კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ. ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია. ვისაც მეორე რიგში საკუთარი თავის დაკარგვის/ჩაკარგვის არ ეშინია. განახლების მოშიში ხალხი მაინც წააგებს. მეორე რიგში ყოფნაც არავის აქვს გარანტირებული. ჩემი გულწრფელობის დასადასტურებლად, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ეს ერთი თვე არ წავალ არც ერთ პირდაპირ ეთერში. არ გაღარიბდება ამით ქართული ტელესივრცე“, – დაწერა დავით ბერძენიშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე.